24 თებერვალს გალერეაში "ვერნისაჟი" (ყოფილი "კოპალა"), საქართველო–ინდოეთის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია "ბჰარატი"–ს ვიცე–პრეზიდენტის, თამარ ლამპარაძის ინიციატივით გაიმართა გამოფენა თემაზე – "ინდოეთი – ქართველი ბავშვების წარმოდგენით".
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 1–ლი, მე–10, 43–ე, 49–ე, 51–ე, 53–ე, 55–ე, 160–ე და რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ღონისძიების საპატიო სტუმარს ინდოეთის ელჩი, ბ–ნი აჩალ მალჰოტრა წარმოადგენდა.
გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა, ინდოეთისა და მისი კულტურის დამფასებელთა და მოყვარულთა შორის საზოგადოებისათვის ცნობადი სახეებიც იყვნენ. ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ ბავშვების მიერ წარმოდგენილი ნახატებით.
გამოფენა თამარ ლამპარაძემ გახსნა და მცირე მისალმების შემდეგ სიტყვა ელჩს გადასცა.
ინდოეთის ელჩმა ბავშვებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასოციაციამ ამ გამოფენის მოწყობით კარგი საქმე გააკეთა.
–კარგია, რომ ასოციაცია ისევ ცდილობს თავისი ძველი საქმიანობის აღდგენას – განაცხადა ელჩმა და ასოციაციას დაპირდა რომ შეეცდება უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატოს მათ მიმართ.
ბავშვებს მიულოცა ასევე 53–ე საჯარო სკოლის დირექტორმა, გიორგი კაშიამ და აღნიშნა, რომ ნახატების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბავშვები ძალიან განათლებულები არიან.
–თუ ჩვენი თაობა ინდოეთს მხოლოდ ფილმებიდან იცნობდა დღეს ბავშვებს გაცილებით ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა აღმოაჩნდათ – განაცხადა მან.
ბავშვებს ასევე მიესალმა ჯუმბერ ლეჟავა და აღნიშნა, რომ მათ სწორად დაინახეს ინდოეთი და ყველა ის მახასიათებელი წარმოაჩინეს რაც ინდოეთს გამოარჩევს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ინდოლოგი, ნიკო კენჭაშვილი. მან აღნიშნა რომ ქართულ–ინდურ ურთიერთობებზე მუშაობს 45 წელია, თუმცა ნამდვილად არ მოელოდა რომ ბავშვების ხედვაში ამხელა სიყვარულს დაინახავდა.
პოეტმა ბასა ჯანიკაშვილმა თავის აღფრთოვანებას ბავშვების მიმართ პატარა სურვილიც დაამატა:
– სასიამოვნო იქნებოდა დღევანდელ სტუმრებს შორის გუჯარათელებიც გვეხილაო და ბავშვებს მოკლედ მოუთხრო ამ შტატის შესახებ.
კობა ხაბაზის აზრით ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზეს ბავშვებმა, რომლებმაც თავიანთი შთაბეჭდილებები გადმოსცეს ნახატებში და მანაც მადლობა გადაუხადა ბავშვებსაც და ღონისძიების ორგანიზატორებსაც.
აღსანიშნავია გამოფენის კიდევ ერთი სტუმარი. ეს იყო მწერალი და პოეტი, მზია ხეთაგური.
მან გაიხსენა რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ცეკვავდა ინდურ ცეკვებს და ამიერკავკასიის ფესტივალზე ლაურეატის წოდება მიიღო, რის შედეგადაც გაგზავნეს ბომბეიში (ახლა მუმბაი).
გაიხსენა ასევე თავისი ლექსები, რომლებსაც საყვარელ ქვეყანას უძღვნიდა.
ქ–ნმა მზიამ მოუწოდა ბავშვებს იმეგობრონ ინდოეთთან რადგან ეს არის უძველესი კულტურის ქვეყანა, რომელთან მეგობრობაც ჩვენს ერს ძალიან ლამაზ დღეებს მოუტანს.
ღონისძიების ყველაზე საინტერესო ეტაპი იყო ინტერნეტხიდი ინდოეთთან და ინდოეთში საქართველოს ელჩის ბ–ნი ზურაბ კაჭკაჭიშვილის მისალმება დარბაზში მყოფი სტუმრებისადმი.
ელჩმა აღნიშნა, რომ ინდოეთს ყველა სხვადასხვა კუთხით იცნობს თუმცა მაინც განსაკუთრებულად ახლოს ვართ მათ კულტურასთან, სიმღერასთან, ცეკვასთან, რაც თავს იყრის საბოლოოდ კინემატოგრაფში. ასევე ისაუბრა ბოლივუდის საქართველოში სტუმრობის და პირველი ინდური ფილმის საქართველოში გადაღების შესახებ.
ღონისძიების ბოლოს თამარ ლამპარაძემ ელჩს სამახსოვრო სიმბოლური საჩუქარი გადასცა, ხოლო გამოფენის ერთ–ერთმა მონაწილემ თავისი დამზადებული სუვენირი უსახსოვრა.
იმ ბავშვებს კი, რომელთა ნახატებიც გამოფენილი იყო დარბაზში ელჩმა სიგელები გადასცა.